13 ოქტომბერი , 2024

თბილისი
დღე :

21

ღამე :

13

ზემო რაჭაში ეროვნული პარკი იქმნება

13.10.2022

საქართველოს მთავრობის ინიციატივით რაჭაში დაცული ტერიტორიების შექმნა იგეგმება. შესაბამისი კანონპროექტი გამზადებულია და მასზე პარლამენტში მსჯელობენ.

 

როგორც კანონპროექტშია აღნიშნული, კანონის ძირითადი მიზნები რაჭის ეროვნული პარკის დაარსება და რაჭის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიის (დამხმარე ზონის) შექმნაა. 

 

რაჭის ეროვნული პარკი იქმნება ონის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრების ფარგლებში მოქცეულ ტერიტორიაზე, რომლის საერთო ფართობი შეადგენს 50 835 ჰექტარს, ხოლო რაჭის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორია (დამხმარე ზონა) მდებარეობს ონის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში და მოიცავს შემდეგ დასახლებულ პუნქტებს: უწერა, გლოლა, ჭიორა, ღები, პატარა ღები, გონა (საერთო ფართობი − 550 ჰექტარი).


კანონი დამტკიცების შემთხვევაში 2023 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება.


რაჭის ეროვნული პარკის დაარსებისთვის აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტი (სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოსთვის გამოყოფილი ასიგნებები) და დონორი ორგანიზაცია (გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკი (KfW)). კერძოდ, 2023 წელს საჭირო იქნება დაახლოებით 1 156 400 ლარი, საიდანაც 356,400 ლარი (შრომის ანაზღაურება) გამოყოფილი იქნება სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ხოლო 800,000 ლარი - დონორი ორგანიზაციის მიერ. 2024-2026 წლებში ჯამურად სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოსაყოფი მინიმალური თანხა იქნება 1,069,200 ლარი (შრომის ანაზღაურება), ხოლო სხვა საჭირო ხარჯების დაფინანსება მოხდება დონორი ორგანიზაციის მიერ.



ამასთან, განმარტებითი ბარათის თანახმად, კანონპროექტის მიღება დადებით გავლენას იქონიებს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, ვინაიდან იგი ხელს შეუწყობს ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ტურისტულ-რეკრეაციული ინფრასტრუქტურის განვითარებასა და რეკრეაციული პოტენციალის სრულად გამოყენებას.

-

საქართველოში დაცული ტერიტორიების დაარსებას დიდი ხნის ისტორია აქვს. პირველი დაცული ტერიტორია – ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალი შეიქმნა ჯერ კიდევ 1912 წელს. ამჟამად კი დაცული ტერიტორიების საერთო ფართობი 495 892 ჰა, რაც ქვეყნის ტერიტორიის დაახლოებით 7 %-ია. დაცული ტერიტორიების დაახლოებით 75 % ტყით არის დაფარული. საქართველოში 14 სახელმწიფო ნაკრძალი, 8 ეროვნული პარკი, 12 აღკვეთილი, 14 ბუნების ძეგლი და 2 დაცული ლანდშაფტია

ეროვნული პარკი ეს არის დაცული ტერიტორიის ერთ-ერთი სახე, რომელსაც მინიჭებული აქვს სპეციალური სტატუსი. შეესაბამება IUCN (ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის) II კატეგორიას. ეროვნული პარკი იქმნება ეროვნული და საერთაშორისო მნიშვნელობის, შედარებით დიდი და ბუნებრივი მშვენიერებით გამორჩეული ეკოსისტემების დასაცავად სასიცოცხლო და რეკრეაციული საქმიანობისათვის.

წყარო: bm.ge>>,  vikipedia. >>

სხვა სიახლეები

ზემო რაჭაში ეროვნული პარკი იქმნება
საფრანგეთი ინფლაციასთან საბრძოლველად 100 მლრდ ევროს ხარჯავს
ვაკის პარკის რეაბილიტაცია 2023 წლის გაზაფხულზე დასრულდება
'ნეპოტიზმი არ უნდა იყოს'
მოდის საცალო ვაჭრობის მაღაზიებში გაყიდვები 40%-ით არის გაზრდილი
უკრაინის ეროვნულ ბანკს ახალი მმართველი ჰყავს
იანვრიდან პენსიები იზრდება
რუსეთის მოქალაქეებს ქართულ ბანკებში დეპოზიტებზე 1.88 მილიარდი ლარის შესაბამისი თანხა აქვთ
გერმანია მუშახელს მსოფლიოს მასშტაბით ეძებს