23 ნოემბერი , 2024
17
5
წლის ბოლომდე დაახლოებით 600 დეველოპერი ვიქნებით, - ამის შესახებ Sweeft Digital-ის თანადამფუძნებელმა, ვაკო თურნავამ FORBESკვირა-ს ეთერში განაცხადა.
„4-5 თვის წინ ვიყავით დაახლოებით 200 ადამიანი, დღეს უკვე 400-ზე მეტი დეველოპერი გვყავს. წლის ბოლოს 600-მდე ვიქნებით. ისევ იმ გეგმებს მივყვებით, რაც გვქონდა“, - განაცხადა ვაკო თურნავამ.
მან Skillwill Academy-ს შექმნის მიზეზებზეც ისაუბრა: „გადავწყვიტეთ, მომავლის ტალანტები გაგვეზარდა ჩვენით, რადგან ბაზარზე არ არის საკმარისი რაოდენობა ხალხის, ვინც ეს პროფესია იცის“.
„აკადემიის შექმნის ინსპირაცია იყო შემთხვევა - 60 სტაჟიორის აყვანა გვინდოდა, 3 000-მდე რეზიუმე შემოვიდა და აქედან 40%-ს შეხება არ ჰქონია დარგთან. დავიწყეთ ფიქრი აკადემიაზე და სტუდენტების პირველი ნაკადიც ავიყვანეთ ზაფხულში, მეორე ნაკადი სექტემბერში და წლის ბოლომდე ვგეგმავთ, რომ 1000-1500 დეველოპერი გადავამზადოთ. მომავალში ვფიქრობთ, რომ მიახლოებით 5000 დეველოპერი გადავამზადოთ.
ალბათ ყველა გადამზადებული დეველოპერი ვერ გახდება, მაგრამ პროგრამაში არის სხვადასხვა მიმართულებები, რაც შეგიძლია აკეთო. ჩვენ "სვიფთ დიჯიტალი" გავმიჯნეთ და გავაკეთეთ აკადემია. პროგრამა არის 7-თვიანი და 7 თვეში ადამიანს, რომელსაც შეხება არ ჰქონდა ამ სფეროსთან, შეუძლია იმუშაოს არსებულ სამსახურში და 2 საათი დაგვითმოს დღეში. გარანტიას ვაძლევთ, რომ თუ აგვყვებიან, 7 თვეში შეძლებენ მიახლოებით ინტერნი-ჯუნიორის დონეზე ავიდნენ“, - განაცხადა მან.
თურნავას თქმით, აქამდე ანაზღაურება წლიურად $100 ათასი იყო, და ახლა ეს თანხა 15-20%-ით გაიზარდა.
Sweeft Digital-ი ქართული, საერთაშორისო პროგრამული უზრუნველყოფის განვითარების კომპანიაა, რომელიც 2017 წელს დაარსდა.