23 ნოემბერი , 2024
17
5
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკ) შეთანხმებული გეგმის შესაბამისად, შპს „რუსთავის წყალი“ ქ. რუსთავში წყალმომარაგების პრობლემების აღმოსაფხვრელად 20.5 მილიონი ლარის ინვესტიციას განახორციელებს. კომპანიის მიერ წარმოდგენილი გეგმის მიხედვით გათვალისწინებულია გახშირებული ავარიული წყვეტების შემცირებისთვის ყველა აუცილებელი სამუშაოს ჩატარება.
2023 წლის ბოლომდე ქ. რუსთავში რეაბილიტაცია ჩაუტარდება წყალმომარაგების ინფრასტრუქტურას, სათავე ნაგებობას, გამოიცვლება მილსადენის ამორტიზებული მონაკვეთები, მოცულობითი სამუშაოები ჩატარდება ქუჩებზე, სადაც ყველაზე ხშირად ფიქსირდება დაზიანებები.
სემეკის მიერ გაკონტროლდება შპს „რუსთავის წყლის“ საინვესტიციო გეგმის შესრულება წარმოდგენილი გრაფიკის მიხედვით. იმ შემთხვევაში, თუ კომპანია ვერ უზრუნველყოფს 2023 წლის ბოლომდე ქ. რუსთავში წყალმომარაგების სისტემის სრულად გაუმჯობესებას, კომისია იმსჯელებს შპს „რუსთავის წყლის“ მიმართ კანონით გათვალისწინებულ სანქციებზე.