13 ოქტომბერი , 2024
21
13
Meta Platforms-ის ოპერაციული დირექტორი შერილ სენდბერგი თანამდებობას ტოვებს. სენდბერგი Facebook-ში 14 წლის წინ, Google-ში მუშაობის შემდეგ შეუერთდა და კომპანიის ყველა ბიზნეს ფუნქციის ხელმძღვანელობა გადაიბარა, რეკლამების, პარტნიორობების, ბიზნესის განვითარების და ოპერაციების ჩათვლით.
52 წლის სენდბერგი Meta-ს, Facebook-ის, Instagram-ისა და WhatsApp-ის მფლობელი კომპანიის ბორდში რჩება. სენდბერგი ამბობს, რომ ზაფხულში ქორწინებას გეგმავს და იმედი აქვს, რომ შვილებთან მეტ დროს გაატარებს. ის ასევე აპირებს იმუშაოს ქალების პრობლემებისთვის ადვოკატირების კუთხით და კონცენტრირდეს თავის Lean In ფონდზე, სხვა საქველმოქმედო საქმიანობებთან ერთად.
სენდბერგი ბოლო წლების განმავლობაში კომპანიის სახელით საჯაროდ ნაკლებად გამოდიოდა და ძირითადად Meta-ს მიერ მცირე ბიზნესებისთვის გაწეულ ძალისხმევაზე და მის Lean In ორგანიზაციაზე საუბრობდა. მისი როლის გარკვეული ნაწილები უკვე გადანაწილდა სხვა ხელმძღვანელებზე.
Meta-ს სპიკერმა განაცხადა, რომ სენდბერგის გადაწყვეტილება არ არის კავშირში უკანასკნელ გამოძიებასთან, რომელიც მის მიერ ყოფილი ბოიფრენდის შესახებ ახალი ამბის გამოქვეყნებისთვის ხელის შეშლაში Meta-ს რესურსების გამოყენებას ეხებოდა. სპიკერმა დასძინა, რომ გამოძიება დასრულებულია.