24 ნოემბერი , 2024
16
6
თბილისში საოპერაციო ოფისის გახსნას Viber-ი გეგმავს, რა მიზნითაც მარტის ბოლოს Viber-ის მთავარი საოპერაციო მენეჯერი, ოფირ ეიალი ეკონომიკის მინისტრს ლევან დავითაშვილს შეხვდა. ინფორმაცია ეკონომიკის სამინისტრომ გაავრცელა. უწყების განცხადებაში წერია, რომ Viber-ის თბილისის ოფისი ორიენტირებული იქნება მობილური აპლიკაციების, ასევე, iOS-ისა და Android-ის სისტემებზე თავსებადი პროგრამების დახვეწა-განვითარებასა და პროგრამული უზრუნველყოფის ხარისხის ამაღლებაზე.
Viber იაპონური ტექნოლოგიური გიგანტის, Rakuten-ის საკუთრებაა. Rakuten-მა მობილური საკომუნიკაციო აპლიკაცია Viber-ი 2014 წელს 900 მლნ დოლარად შეიძინა. იაპონური ინტერნეტსერვისების ლიდერის, RakutenGroup-ის შემადგენლობაში RakutenViber მსოფლიოში 500 თანამშრომელს აერთიანებს. კომპანიას ოფისები აშშ-ში, დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთში, ისრაელში, ლუქსემბურგში, ბელარუსში, ბულგარეთში, სინგაპურში, უკრაინასა და სხვა ქვეყნებში აქვს გახსნილი. მიმდინარე წლის იანვარში Rakuten-ის საბაზრო ღირებულებამ 8,46 მლრდ დოლარი შეადგინა.
საქართველო IT მიმართულებით ჰაბი ხდება და ქვეყანაში სულ უფრო მეტი IT კომპანია შემოდის. საერთაშორისო IT კომპანიები საქართველოში ოპერირებით მას შემდეგ დაინტერესდნენ, რაც 2020 წელს მთავრობამ გარკვეული დარგის, მათ შორის IT კომპანიებისთვის, მოგებისა და საშემოსავლო გადასახადი 5%-ით დაწია. მთავრობის დადგენილებით, საერთაშორისო სტატუსის მქონე IT-კომპანიები ქვეყანაში საგადასახადო შეღავათებით სარგებლობენ და საშემოსავლო გადასახადს 20%-ის ნაცვლად 15%-ს იხდიან.