07 თებერვალი , 2025
8
0
7-9 ივლისს „ისთერნ პრომოუშენსისა“ და „თიბისი კონცეპტის“ ორგანიზებით თბილისის რიგით 25-ე ჯაზ ფესტივალი გაიმართება. ტრადიციულად, ფესტივალის მონაწილეები მსოფლიოში აღიარებული ვარსკვლავები არიან:
7 ივლისი – 5 გრემის მფლობელი, ჯაზის განუმეორებელი შემსრულებელი დაიანა რივსი და ჯაზ ვარსკვლავებით დაკომპლექტებული მისი ბენდი, რომლის შემადგენლობაშიც შედიან: პიანისტი ჯონ ბისლი, გიტარისტი რომერო ლუბამბო, ბასისტი იტაიგურა ბრენდაო და დრამერი ტერეონ გული.
8 ივლისი – მისტიური პროექტი „ქროსქურენთს ტრიო“, რომელიც ჯაზის სამ ლეგენდას აერთიანებს: ბასისტი დეივ ჰოლანდი, საქსოფონისტი ქრის პოტერი და პერკუსიონისტი ზაქირ ჰუსეინი.
9 ივლისი – მსოფლიო კრიტიკოსების მიერ წოდებული 21 საუკუნის ჯაზმენი ვიჯეი აიერი და მისი საოცარი ტრიოს წევრები: ბასისტი ლინდა მეი ჰან ოუ და დრამერი თიშოუნ სორეი.
„წლევანდელი საიუბილეო ჯაზ-ფესტივალის მასპინძელია „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი“. ფესტივალის განმავლობაში, სასტუმროს ფოიეში ფოტო გამოფენა გაიმართება სახელწოდებით „როგორც მესმოდა…“, რომლის ავტორია ახალგაზრდა ფოტოხელოვანი თეიო.
19:30 სთ-დან დარბაზში „ჯაზსინემა“კახა თოლორდავას ფილმის „პირველ პირში – ერთი ფესტივალის ისტორია“ ჩვენება მოეწყობა, მაყურებელი ასევე გრემის ჯილდოს მფლობელ ფილმს „ქვინსი“ (სადაც გამოყენებულია 2016 წლის შავი ზღვის ჯაზფესტივალის ეპიზოდი) იხილავს. პარალელურად, დარბაზში „ჯაზლაბი“, სტუმრები კონსერვატორიის ჯაზფაკულტეტის სტუდენტების მიერ წარმოდგენილ კომპოზიციებს მოისმენენ.
21:00 სთ-დან მთავარ დარბაზში „ვარსკვლავების სცენა“ ჰედლაინერების კონცერტები გაიმართება.
23:00 სთ-დან სივრცეში „ჯაზლაბი“ მსმენელის წინაშე, მუსიკოსი კარლო ქაინდი და ამერიკულ-ქართული ნუბობ კვინტეტი წარდგებიან. ფესტივალის დღეებში კომპანია „აუდიო ლაბი“ ვინილების გამოფენა-გაყიდვას მოაწყობს. ჯაზ-ფესტივალის სტუმრებისთვის კარები 19:00 საათზე გაიხსნება.
ბილეთები www.tkt.ge-ზე იყიდება. „თიბისი კონცეპტ“ ბარათის მფლობელებისთვის ბილეთებზე 20%-იანი ქეშბექი, ხოლო „თიბისი ვიზა“ ბარათის მფლობელებზე 10%-იანი ქეშბექი მოქმედებს.