სახელმწიფო ტყეში საფუტკრე მეურნეობის მოწყობის მიზნით სკების განთავსება რეგულირების ჩარჩოში ექცევა. ტყეში ფუტკრის სკის განთავსება ფასიანი გახდა და გადასახადი სიმბოლურ ფასად - 1 სკაზე წლიური 1 ლარით განისაზღვრა.
2021 წლის 18 მაისის №221 დადგენილებაში, რომლითაც „ტყითსარგებლობის წესის შესახებ“ დებულება" დამტკიცდა, საქართველოს მთავრობამ ცვლილებები 2022 წლის 16 მაისს #250 დადგენილებით შეიტანა. ახალი გადასახადი საფუტკრე მეურნეობებისთვის ძალაში შევიდა გამოქვეყნებისთანავე.
როგორც ეროვნული სატყეო სააგენტო განმარტავს, „გამომდინარე იქედან, რომ სექტორის გარკვეული წარმომადგენლების მხრიდან გაჩნდა მოთხოვნა ქართული თაფლის ექსპორტის განხორციელებისთვის საჭირო დამადასტურებელი დოკუმენტის (წარმოშობის) მიღებაზე, ხოლო ტყის მართვის ორგანოს ასეთი უფლებამოსილება არ გააჩნდა, ახალი კოდექსით შემოვიდა სარგებლობის სახე - ფუტკრის დროებითი სადგომის მოწყობა. ტყის ახალი კოდექსიდან გამომდინარე, ტყის რესურსისა და ტყის მიწებით სარგებლობა კომერციული მიზნით არის ფასიანი, შესაბამისად, საჭირო იყო სარგებლობის ფასის დადგენა".
ფუტკრის მეურნეობის წარმოება ტყითსარგებლობის ერთ-ერთ სახედ სახელმწიფომ 2021 წლის 1 იანვარს დაადგინა. მეფუტკრეებს სეზონურად სხვადასხვა მცენარის [ცაცხვის, წაბლის, აკაციის] ყვავილობის პერიოდში სკები დროებით ხშირად გადააქვთ ტყეში. მთებში გადააქვთ ასევე სკები, როცა მინდვრის თაფლის დამზადება უნდათ.
საქართველოში დაახლოებით 500 ათასამდე სკაა. სახელმწიფოს ფუტკრის ოჯახების რეგისტრაცია ჯერ არ დაუსრულებია და ეს პროცესი 2023 წლის ბოლომდე უნდა დაასრულოს.