2022 წლის 14 ივნისიდან ძალაში შევიდა საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საემიროებს შორის უვიზო მიმოსვლის რეჟიმი.
საქართველოს მოქალაქეები არაბთა გაერთიანებულ საემიროებში უვიზო მიმოსვლით ისარგებლებენ, ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
შეთანხმების თანახმად, ორი ქვეყნის ორდინალური პასპორტის მფლობელები შეძლებენ უვიზოდ შევიდნენ, ტრანზიტით გადაადგილდნენ და იმყოფებოდნენ მეორე მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე არაუმეტეს ოთხმოცდაათი (90) დღისა შესვლის თარიღიდან.
განხორციელებული ცვლილებებით, გაფართოვდა ,,2017 წელს საქართველოს მთავრობასა და არაბთა გაერთიანებული საემიროების მთავრობას შორის დიპლომატიური და სპეციალური/სამსახურებრივი პასპორტების მფლობელთათვის უვიზო მიმოსვლის შესახებ“ ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომელიც ემსახურება საქართველოსა და არაბთა გაერთიანებული საემიროების მოქალაქეთა მიმოსვლის გამარტივებას.
აქამდე, ორ ქვეყანას შორის არსებული შეთანხმების შესაბამისად, საამიროებში უვიზო რეჟიმით სარგებლობდნენ მხოლოდ საქართველოს დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელები. ტურისტული, 30-დღიანი ვიზის მიღება სირთულეებს არ უკავშირდებოდა, – ხშირად საქართველოს მოქალაქეები ტურისტული სააგენტოების გავლით იღებდნენ ვიზას, რაშიც დაახლოებით 80-დან 150 დოლარს იხდიდნენ.