24 ნოემბერი , 2024
16
6
ევროკომისიამ დღეს რეკომენდაცია გაუწია უკრაინისა და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის დაუყოვნებლივ მინიჭებას. საბოლოო გადაწყვეტილებას ევროკავშირის ქვეყნების ლიდერები ბრიუსელის სამიტზე 23-24 ივნისს მიიღებენ.
საქართველოს შემთხვევაში, კომისიამ დაასახელა კონკრეტული პირობები, რომელთა დაკმაყოფილებაც აუცილებელი იქნება მომავალში ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად.
ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, საქართველომ ევროკავშირის წევრობის პერსპექტივა მიიღო. “ეს არის უდიდესი ნაბიჯი წინ საქართველოსთვის, რათა მიიღოს ევროპული პერსპექტივა. ეს არის დიდი მიღწევა საქართველოსთვის. კარი ღიაა და ახლა საქართველოს ჯერია ერთიანობით გადადგას ნაბიჯები და იაროს წინ. პროგრესი დამოკიდებულია საქართველოზე, მალე მიაღწევთ ამას, მით უფრო მალე ივლით ამ გზაზე, თქვენი ჯერია აჩქარდეთ და ღია კარისკენ განაგრძოთ სვლა”- განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეიმ განაცხადა, რომ „დემოკრატიასთან მიმართებაში ჩვენ გვსურს დასრულდეს პოლიტიკური პოლარიზაცია საქართველოში. ჩვენ გვჭირდება ყველა პოლიტიკური პარტიის თანამშრომლობა და იმ შეთანხმების მიღწევა, რომელიც ნახსენებია ევროკავშირის შეთანხმებაში“.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ევროკომისიის მიერ ქვეყნის EU-ს წევრი კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ დადებით გადაწყვეტილებას Twitter-ში ეხმიანება. ზელენსკი აცხადებს, რომ „ეს გადაწყვეტილება ევროპისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯია და უკრაინას გამარჯვებასთან დაახლოებს".
ამჟამად კანდიდატები არიან შემდეგი ქვეყნები: ალბანეთი, მონტენეგრო, ჩრდ. მაკედონია, სერბეთი და თურქეთი.