24 ნოემბერი , 2024
16
6
2022 წლის ზაფხულის ტურისტული სეზონი აჭარაში 15 ივნისს გაიხსნა. ბათუმში ხუთ, ოთხ და სამვარსკვლავიან სასტუმროებში ნომრებს სხვადასხვა ფასად ნახავთ. ყველაზე ხშირად ბათუმში დასასვენებლად ჩამოსული ტურისტები ორადგილიან ნომრებს ირჩევენ.
ბათუმში, ხუთვარსკვლავიან სასტუმროებში ორადგილიანი, სტანდარტული ნომრების ფასი, booking.com-ის მონაცემებით, 152 ლარიდან იწყება [მაგალითად, ეს ფასი აქვს მითითებული სასტუმრო „ინტურისტ პალასს“] და 700-900 ლარამდე იზრდება. „შერატონში“ ორადგილიანი, სტანდარტული ნომერი 812 (საუზმე + 54 ლ.) ლარი ღირს, „მერიდიენში“ – 806 ლარი, „ჰილტონში“ – 800-მდე ლარი და ა.შ.
ოთხვარსკვლავიან სასტუმროებში სტანდარტული, ორადგილიანი ნომრის ფასები 180-260 ლარს შორის მერყეობს. სამვარსკვლავიან სასტუმროებში სტანდარტული ნომრები 110-დან 170 ლარამდეა, ხოლო ორვარსკვლავიანში – 80-120 ლარი.
ბევრად უფრო შეღავათიან ფასად შეიძლება ბათუმში ღამის გათევა ჰოსტელებში. ფასები აქ 30-40 ლარია ერთ ადამიანზე, საუზმის გარეშე, 6, 8 ან 4-საწოლიან ოთახში. ჰოსტელების წარმომადგენლები ამბობენ, რომ წელს მათაც საკმაო რაოდენობის სტუმარი ჰყავთ და მიმართვიანობაც გაცილებით მაღალია შარშანდელ ზაფხულთან შედარებით, რაც იმით აიხსნება, რომ შარშან კოვიდრეგულაციებით ჰოსტელებს მუშაობა აეკრძალათ.
ბოლო წლებში, ზაფხულში, დამსვენებლებს ხშირად ბინის რამდენიმე დღით დაქირავება ურჩევნიათ, სასტუმროსა და ჰოსტელს. ეს სერვისი ბათუმში კარგადაა განვითარებული და კონკურენციას უწევს სასტუმროებს. ფასები აქაც სხვადასხვაა. გააჩნია, ზღვასთან ახლოს ქირაობთ თუ ზღვიდან მესამე-მეოთხე ზოლში, რამდენი ოთახია, აქვს თუ არა ბინას აივანი, კარგი ხედი, რამდენად კომფორტულადაა კეთილმოწყობილი და ა.შ.
16 ივნისის მონაცემებით, ზღვასთან ახლოს მდებარე, კეთილმოწყობილი, სტუდიოს ტიპის ბინების ფასი ბათუმში დღეში 180-200 ლარია, თუმცა ნახავთ ბინებს დღეში 70-100 ლარადაც. ფასი იზრდება, თუ ორ ან სამოთახიან ბინას ეძებთ.
34 კვ/მ ფართობის ბინის მეპატრონე მარიამ ჯ. ამბობს, რომ მისი ბინის დაქირავების მსურველები აპრილის შუა რიცხვებიდანვე გამოჩნდნენ და მას შემდეგ ბინა თითქმის ყოველდღე დაკავებულია. მარიამის ბინაში ერთი ღამის გათევა 100 ლარი ღირს. მარიამის ბინა ზღვის ხედით, ხიმშიაშვილის ქუჩაზე მდებარეობს. ბინის მეპატრონეს თქმით, შარშანდელ ზაფხულთან შედარებით, ბათუმში მის ბინაზე მოთხოვნა წელს საგრძნობლად გაიზარდა. წელს ბინის ფასი გაცილებით მაღალია. შარშან ის ამავე ბინას 60-70 ლარად აქირავებდა.