მთავრობა მცირემიწიანი ფერმერების ხელშეწყობის პროგრამას აანონსებს. ყველას, ვინც სოფლად 0.25 ჰა-დან 1.25 ჰექტარამდე მიწის ნაკვეთს ფლობს, სუბსიდიას ჩაურიცხავს. საქართველოს მთავრობის №212, 2022 წლის 20 აპრილის დადგენილების თანახმად, სუბსიდიის მოცულობა განისაზღვრება 300 ლარით ან/და ქულით ყოველ 1 ჰა მიწის ნაკვეთზე გადაანგარიშებით.
პროგრამის ბენეფიციარი ვალდებულია, დარეგისტრირდეს „ფერმათა/ფერმერთა რეგისტრაციის პროექტის“ ფარგლებში წარმოებულ რეესტრში 2022 წლის 30 ივნისის ჩათვლით. სუბსიდიის გაცემის დეტალურ პროცედურას შეიმუშავებს და ამტკიცებს ა(ა)იპ – სოფლის განვითარების სააგენტო.
მიწის მესაკუთრეებს აღნიშნული სუბსიდია ქულების სახით დაერიცხებათ ლიბერთი ბანკის სპეციალურ აგრობარათზე და ქულების/თანხის გამოყენება შეეძლებათ მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისთვის საჭირო საქონლის შესასყიდად. ბარათ(ებ)ზე დარიცხული ქულების ან/ და თანხის გამოყენების ბოლო ვადაა 2022 წლის 30 ნოემბერი.
პროექტის ბიუჯეტი 35 მლნ ლარს შეადგენს და შეეხება დაახლოებით 300 000-მდე ფერმერს. მთავრობის შეფასებით, ეს პროგრამა წელს სოფლის მეურნეობის სექტორის ადგილობრივი წარმოების სტიმულირებას შეუწყობს ხელს. "ვფიქრობთ, ეს დადებით გავლენას მოახდენს წარმოებული პროდუქციის თვითღირებულების შემცირებაზე,"- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.