ROKVA მუსიკალური ფესტივალია, რომელიც შოვში, რაჭაში, 29-31 ივლისს გაიმართება. მუსიკის ფესტივალი „როკვა“ რაჭაში 2019 წლიდან ყოველწლიურად იმართება და წელს პირველად ის სამდღიანი იქნება.
ROKVA ყოველ წელს სხვადასხვა კონცეფციით მასპინძლობს მსმენელს. წლევანდელი პროექტი - ჯადოსნური მთა/შოვი - ქართველი არტისტებს ეთმობა. მუსიკასთან ერთად, სტუმრებს დახვდებათ ადგილობრივ მეწარმეთა პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა, ფოტო-გამოფენა, თორნიკე სხიერელის ვორქშოფი რაჭული ფოლკლორის თემაზე და ,,არტელი რაჭას'' ინსტალაციები. ტერიტორიაზე იქნება ბარები და სხვადასხვა გასართობი საშუალებები როგორც ზრდასრულებისთვის, ასევე ბავშვებისთვის.
წელს სამდღიანი აბონიმენტის ფასი 130 ლარიდან 190 ლარამდეა. 1 დღის ბილეთის ფასი და 60 ლარიდან 100 ლარამდე მერყეობს. ბილეთები ამჟამად ონლაინ იყიდება, თუმცა, უახლოეს მომავალში ფიზიკური გაყიდვების წერტილიც ამოქმედდება.
შეგახსნებეთ, თბილისიდან რაჭაში ჩასვლა უკვე 3.5 საათშია შესაძლებელი. ახალი გზის მშენებლობა 2021 წლის სექტემბერში დასრულდა. ახალი გზა ერთმანეთთან აკავშირებს ორ რეგიონს – იმერეთსა და რაჭას. გზა საჩხერიდან იწყება, გაივლის სოფლებზე: სარეკი, ქვემო ხევი, უზუნთა, შქმერი, ბოყვა, კვაშხიეთი, ზუდალი და საბოლოოდ უერთდება ამბროლაური-ონის გზას, რომელიც ქალაქ ამბროლაურიდან დაშორებულია 20 კმ-ით, ხოლო ქალაქ ონიდან 5 კმ-ით. გზის დიდი ნაწილი ტყიან ზონაში, მდინარე ხეორის ხეობაში გადის და ზღვის დონიდან 1000-1500 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. ახალი გზის მშენებლობის პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისმა ღირებულებამ დაახლოებით 110 მილიონი ლარი შეადგინა.