24 ნოემბერი , 2024
17
5
„საცალო გაყიდვების სექტორში გაუმჯობესება შეინიშნება და წლის დასაწყისიდან რეალიზაცია დაახლოებით 30%-ით გაიზარდა“, - ამის შესახებ ტანსაცმლის, აქსესუარებისა და ავეჯის ცნობილი ბრენდების OVS, Terranova, Penti, English Home, Enza Home, Mattalan-ის შემომყვანი კომპანია Gtex Group-ის ხელმძღვანელმა გიორგი ბასილაძემ „კომერსანტთან“ განაცხადა.
„საცალო გაყიდვების სექტორში აშკარად შეინიშნება გაუმჯობესება, მაგალითად წლის დასაწყისიდან საგრძნობლად არის გაზრდილი გაყიდვები, მართლია სხვადასხვა სეგმენტში განსხვავებული რაოდენობით, თუმცა საშუალოდ, დაახლოებით 30%-იანი ზრდა არის. რაც შეეხება პანდემიამდელ პერიოდს, მაგალითად 2019 წელთან შედარებით უკვე პლიუსში ვართ, თუმცა ზუსტი მონაცემის დასახელება გამიჭირდება, ბრენდების მიხედვით განსხვავებულია ეს მაჩვენებელი, მაგრამ საბოლოო ჯამში ზრდა გვაქვს“, — ამბობს ბასილაძე.
მისივე განმარტებით, ის მომხმარებელი, რომელიც შედარებით ბიუჯეტური პროდუქციით ინტერესდებოდა, თვეების წინ უფრო დაბალფასიანი საქონლის შეძენას ცდილობდა, მაგრამ ბოლო პერიოდში ისინიც გააქტიურდნენ და მოთხოვნაც გაიზარდა. რაც შეეხება მაღალფასიანი სეგმენტის მომხმარებელს, მათი რაოდენობაც გაზრდილია. „მაღალშემოსავლიანი სეგმენტი, რომლებიც საზღვარგარეთ დადიოდნენ, იქ ყიდულობდნენ პროდუქციას, ახლა ჯერ კიდევ ისე აქტიურად ვეღარ დადიან და იძულებულები არიან სასურველი ნივთი აქ შეიძინონ, ამიტომ ზრდა ამ მიმართულებითაც შეინიშნება“, - აცხადებს გიორგი ბასილაძე.
გიორგი ბასილაძე გაზრდილი ტურიზმის მნიშვნელობაზეც საუბრობს და ამბობს, რომ გაყიდვების გაუმჯობესებაზე მათი გავლენაც საკმაოდ დიდია, დაინტერესება კი ძირითადად საშუალოფასიან პროდუქციაზეა.