23 ნოემბერი , 2024
17
5
2022 წლის 10 ივლისს საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ზაფხულის ტესტების მეორე შეხვედრაში იტალიას ბათუმში უმასპინძლა და 28:19-ით ისტორიული გამარჯვება მოიპოვა.
პირველად დამოუკიდებელი ქართული რაგბის 33-წლიან ისტორიაში, “ბორჯღალოსნებმა” ტიერ1-ის ("ექვსი ერის") გუნდი დამაჯერებლად დაამარცხეს და სრულიად მსოფლიოს მკაფიო მესიჯი გაუგზავნეს – “საქართველო იმსახურებს ელიტაში ასპარეზობის უფლებას”.
იტალიასთან საქართველოს ეროვნული ნაკრების გამარჯვებას მსოფლიო რაგბი (World Rugby/ რაგბის საერთაშორისო საბჭო) გამოეხმაურა: "ისტორიული გამარჯვება საქართველოსთვის! საქართველომ ბათუმში იტალიასთან გამარჯვებით ისტორიაში საკუთარი ფურცელი დაწერა".
ამასთან, მსოფლიო კლასიფიკაციაში ბოლო ორი წელია იტალიის ნაკრები რეიტინგით საქართველოს ნაკრებს ჩამორჩება, რაც დამატებით ინტრიგას ჰმატებდა ბათუმში გასამართ შეხვედრას. რაგბის კავშირის ინიციატივით და საქართველოს რკინიგზის მხარდაჭერით, 10 ივლისს ბათუმში საქართველოსა და იტალიას შორის გასამართი მატჩის გამო მატარებლის დამატებითი რეისიც დაინიშნა.
მატჩის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, იტალიის მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა – კირან ქროულიმ განაცხადა: "საქართველოს საოცარი უკანახაზელები ყავს, ნინიაშვილი უბრალოდ საოცარია... სტადიონზე დიდებული, ხმაურიანი ატმოსფერო იყო. ეს კი ყველაზე დიდი პრესკონფერენციაა, სადაც ჩემს კარიერაში ვყოფილვარ”.
„არ მახსენდება საქართველოში ჩატარებული არცერთი თამაში, რომელშიც გულშემატკივარი ასე აქტიურობდა. საოცრება იყო, 100 წელი რომ ვიცოცხლო არასდროს დამავიწყდება. ძალიან დიდი მადლობა მათ, ამ თამაშში გადამწყვეტი როლი ითამაშეს. მე ვამაყობ იმით, რომ ჩვენ ვგრძნობდით ძალიან მაღალ პასუხისმგებლობას, რომ გულშემატკივარისთვის ამ ისტორიულ მატჩში გული არ დაგვეწყვიტა და ეს გამოგვივიდა“ – თქვა მატჩის შემდგომ ბორჯღალოსნების კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ.