21 ნოემბერი , 2024
15
4
სულ მალე რაჭაში, კურორტ უწერაში შპს "უწერა2007" ახალ სასტუმროს- Radisson Individuals-ს გახსნის.
ახალი "რადისონი" საბჭოთა კავშირის დროინდელ დედათა და ბავშვთა სანატორიუმ "ფაზისის" ბაზაზე ეწყობა. 60-70-იან წლებში აგებული შენობის თანამედროვე სასტუმროდ გადაქცევის პროცესს დაახლოებით ერთი წელი დასჭირდა.
პროექტის არქიტექტორის- შოთა საგანელიძის ინფორმაციით, "დამკვეთს სურდა, არსებული შენობა შენარჩუნებულიყო, თუმცა ამას ართულებდა ის, რომ შენობას გაძლიერება სჭირდებოდა და ამისთვის დამატებით სამუშაოები იყო ჩასატარებელი. გარდა ამისა, ფართის უკმარისობიდან გამომდინარე, კიდევ ერთი სართულის დაშენება გადაწყდა, რაც გაძლიერების სამუშაოებს კიდევ უფრო მასშტაბურს ხდიდა. სწორედ ამიტომ, საინჟინრო-გეოლოგიურ კვლევასთან ერთად შენობის დეტალურ-ინსტრუმენტული კვლევის ჩატარება გადაწყდა, რომელთა საფუძველზეც დადგინდა, რომ სტრუქტურა მდგრადი იყო და გაძლიერების პროცესს გაუძლებდა."
შენობის გადაკეთების პროცესში, შიდა გეგმარებაში გარკვეული ცვლილებების შეტანაც გახდა საჭირო. ახალ რადისონში შენარჩუნდა ძველი ბალნეოლოგიური კურორტის წყობა, რაც სტანდარტული ნომრების სართულზე დერეფნული სისტემით ხასიათდება. შენობის რენოვაციის ფარგლებში, რამდენიმე ტიპის ნომერი დაპროექტდა – ტიხრების გადაადგილების შედეგად, გაერთიანდა არსებული სასტუმრო სივრცეები, რომლებიც თანამედროვე სტანდარტულ, ორადგილიან, საოჯახო და VIP ტიპის ნომრებად გარდაიქმნა.
გარდა საძინებელი ნომრებისა, შენობა დატვირთულია ისეთი ფუნქციებით როგორებიცაა: ღია და დახურული რესტორანი, საკონფერენციო სივრცეები და მასშტაბური სპა-ცენტრი (2500 კვ.მ-მდე). აღსანიშნავია, რომ სპა-ცენტრის შენობა სრულად ახალია და მთავარ შენობას ხიდით დაუკავშირდება. შენობის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი სახურავზე განთავსებული რესტორანია, რომელიც რადისონის შუა ნაწილში, 19 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. რესტორანი ორ დონიან სივრცეს აერთიანებს, საიდანაც ხედები 360 გრადუსით იშლება.
შენობისთვის შეირჩა მასალები, რომლებიც ბუნებასთან ჰარმონიაშია და გარემო და არქიტექტურა ერთმანეთთან თანხვედრაში მოჰყავს: აგური, ადგილობრივი ხე, მდინარის ქვა და სხვა ბუნებრივი მასალები. რაც შეეხება ძველი შენობის თანამედროვე საინჟინრო სტანდარტებზე მორგებას, საჭირო გახდა შენობის იმგვარად გადაკეთება, რომ 3 ლიფტი დამონტაჟებულიყო. შენობა სრულად აღიჭურვა გათბობა-გაგრილების და ვენტილაციის თანამედროვე სისტემებით.
ამ ეტაპზე სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს და სულ მალე "რადისონ ინდივიდუალსი" უწერაში ახალ ვიზიტორებს უმასპინძლებს.
ახალი სასტუმროს მფლობელი შპს "უწერა-2007"-ის 50%-იანი წილის მფლობელი „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორის- დავით საგანელიძის ძმა, გია საგანელიძეა, 50%-ს კი შპს "სამედიცინო ინოვაციების ცენტრი" ფლობს.
ამასთან, არქიტექტორი შოთა საგანელიძე თავადაც არის სასტუმროს მფლობელი და დირექტორი უწერაში. ბუტიკური სასტუმრო- "მანინო" შპს "აგარაკი უწერაში" საკუთრებაა, რომლის 10%-იანი წილს შოთა საგანელიძე, 90%-ს კი- პოლიტიკური გაერთიანება "ლელოს" გენერალური მდივანი- ბადრი ჯაფარიძე ფლობს.